საქალაქო სასამართლოსთან პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის 15 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლოსთან უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს.
აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ძალადობრივი მეთოდებით წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცველებს, პოლიციამ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
სასამართლოს შენობისა და ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან შეკრებილებმა მოგვიანებით გადაინაცვლეს აღმაშენებლის ხეივანზე და გზის სავალი ნაწილი უკანონოდ გადაკეტეს.
სამართალდამცველთა არაერთი მოწოდების მიუხედავად, გაეხსნათ გზის სავალი ნაწილი, აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებებს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 15 პირი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.
„თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული რჩებიან და დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მართლწესრიგის დასაცავად იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე ტერიტორიაზე რჩება შესაბამისი საპოლიციო ტექნიკაც.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აცხადებენ შსს-ში.