საქალაქო სასამართლოსთან 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებულთა მხარდასაჭერი აქცია იმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებულთა მხარდასაჭერი აქცია იმართება.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, დაკავებულები პოლიტპატიმრები არიან.
საქალაქო სასამართლოსთან იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილიც, რომელიც ძმისშვილის გათავისუფლებას ითხოვს.
„ვითხოვთ, გათავისუფლდეს მორის მაჩალიკაშვილი იმ ტყვეობიდან, რომელშიც არის ჩემ გამო, რომ ბიძამისი დააჩოქონ, დააქციონ, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან. ზოგს შინაპატიმრობა აქვს მისჯილი, დაკავებულია ოქრუაშვილიც, ეს არის პირდაპირ გავრილოვის სისხლიანი ღამის პოლიტპატიმრები. ერთი თვე ვიყავი ღია ცისქვეშ და კარვის გაშლა რომ დავაპირე იმ დღეს, ხელისუფლებამ დამიშალა, გამიწიეს წინააღმდეგობა უკანონოდ. დავპირდი, რომ საღამოს კარავს გავშლიდი. იმ დღეს დაურეკეს მორის მაჩალიკაშვილს, თუ ბიძაშენი კარავს გაშლის, ხვალ ციხეში გამოგამწყვდევთო. ამოწყდეს ამათი ყოფა და დედა. ვიღაც მაღალჩინოსანმა დაურეკა, არ ვიცი“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
საქალაქო სასამართლოსთან დღეს ასევე მცირე ურთიერთშელაპარაკება მოხდა აქციის მონაწილეებსა და მანდატურის სამსახურს შორის. მანდატურები აქციის მონაწილეებს სასამართლო შენობისგან 20 მეტრის მოშორებით დადგომას სთხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს.
ამ წუთებში 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ოთხი პირის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.