საქალაქო სასამართლოში ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას საქმეზე დეპუტატი გიორგი ლომია იკითხება 
საქალაქო სასამართლოში ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას საქმეზე დეპუტატი გიორგი ლომია იკითხება 

თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას საქმეზე ბრალდების მხარის მოწმე დეპუტატი გიორგი ლომია იკითხება, რომელიც 2012 წელს იმ ორგანიზაციაში მუშაობდა, რომელიც პატიმრების უფლებებზე მუშაობდა.

როგორც ლომიამ აღნიშნა საპყრობილეში ყოფნის დროს გაიცნო ვლადიმერ ბედუკაძე.

„2010 წლიდან კამერები დაუდგეს, რომ გადაეღოთ ციხეში კარანტინის დროს რა ხდებოდა. მაჩვენა ჩანაწერები. ეს კასეტა გამოვართვი მას. მასალა ვნახეთ, ბევრი რამ რაც ვნახე, ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ვუთხარი, რომ თუ იყო შესაძლებლობა ერთ კასეტას დავიტოვებდი და მასალის ციფრულ ვერსიას შევქმნიდი. მისგან თანხმობა მქონდა. ასე აღმოჩნდა ჩემ ხელში პირველი მასალა. ამის შემდეგ მასალის მოპოვებაში უკვე აკობია დაგვეხმარა და ე.წ წითელი პარასკევი აკობიამ გადაიღო. ავარჩიე დათა აკობია და ჩემს მიერ მოხდა ამის დადგმა. ის ნამდვილი პატრიოტი აღმოჩნდა და მოახერხა ამის გაკეთება. აკობიას ვასწავლე კამერის გამოყენება. დამჭირდა სამი კვირა, უკვე 24 აგვისტოს მოვიპოვეთ ეს მასალა”, – განაცხადა გიორგი ლომიამ.

დეპუტატი აცხადებს, ციხეში მხოლოდ ცემის თვითმხილველია, ნახა 40-50 კაცი როგოც ურტყამდა ერთ ადამიანს.

„კადრები რომ ვნახე, შოკში ვიყავი. ეს არ ხდებოდა რომელიმე კონკრეტული მაგალითად ქურდული სამყაროს მიმართ. ყველას მიმართ ხდებოდა. ეს იყო უმოწყალო ცემები, წამება. ჩემ თვალწინ გაუპატიურება არ მომხდარა, მაგრამ ამ კადრებში მე ეს ყველაფერი ვნახე. ეჭვიც მქონდა, რომ ეს კადრები ჩემ წინააღმდეგ ავანტიურა იყო. მთელი ციხის ისტებლიშმენტი იღებდა მონაწილეობას კარანტინის დაშლაში და ჩვენ სწორედ ამ კადრების მოპოვებაზე ვმუშაობდით”, – განაცხადა ლომიამ.

ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას ბრალად ედებათ 2012 წლის არჩევნებამდე პატიმრების ცემის ორგანიზება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებითა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციით. ბრალდების მტკიცებით, ადეიშვილის დაკვეთით, წინა ხელისუფლება ცდილობდა, ციხეში პატიმრების ცემა ციხის სკანდალური კადრების გამოქვეყნებამდე გაევრცელებინა და “ქართული ოცნების” დაკვეთად გაესაღებინა.