საქალაქო სასამართლოში სასჯელის გადავადების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ესწრება
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას დისტანციურად ესწრება თავად მიხეილ სააკაშვილი. პენიტენციურმა სამსახურმა უზრუნველყო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა. ამ ეტაპზე, შუამდგომლობას აყენებს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც სასამართლოს წინაშე ითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდეს ექსპერტიზა, რადგან 14 დეკემბერს გავრცელებული კადრები არის საქმეში ახლად გამოვლენილი გარემოება, სადაც შესაძლოა, არის სააკაშვილის მხრიდან სავარაუდო სიმულაციის ფაქტები.
გარდა ამისა, პენიტენციური სამსახური ითხოვს, პროცესზე მოუსმინონ სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს, მალხაზ ურთქმელიძეს. ადვოკატები ამის აცილებას ითხოვდნენ, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
თავის მხრივ, დაცვის მხარემ წარმოადგინა ამერიკელი ექსპერტი, ექიმი ფსიქიატრი გოლდ სმიტი, რომლის დაკითხვაც პროცესზე იგეგმება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს.
სასამართლოს პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.