საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული სამი პირის პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული სამი პირის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული სამი პირის პროცესი იმართება.

პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, პროკურატურა მათთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

„მივმართეთ სამი დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებაზე. პატიმრობა მოვითხოვეთ და ეს დასაბუთებულია იმით, რომ შესაძლოა ახალი დანაშაული ჩაიდინონ და მოწმეებზე განახორციელონ ზეწოლა. თავისთავად, ბრალდება თქვენთვის ცნობილია, ჯგუფური ძალადობა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. კიდევ ოთხი პირის მიმართ პატიმრობის გამოყენებაზე ანალოგიური ბრალდებით ველოდებით. ასევე კიდევ ერთი პირი არის დაკავებული ამ ბრალდებით და კიდევ ხუთი პირის მიმართ იქნება დღის მანძილზე ბრალი წარდგენილი. საერთო ჯამში 12 ადამიანია დაკავებული და კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე. ამ ეტაპზე არ აღიარებენ წარდგენილ ბრალდებას. საქმეზე რაც მოწმეთა ჩვენებები, ამოცნობის ოქმები და ვიდეოების ჩანაწერები შეგროვდა, დავათვალიერეთ“, – განაცხადა პროკურორმა.

ამასთან, კითხვაზე, დაზარალებულებში ​რატომ არ არის ნახსენები საქართველოს პირველი არხი, პროკურორის თქმით, შეიძლება, დღეს არ წერია ბრალის დადგენილებაში ყველა ჟურნალისტის შესახებ, მაგრამ თამარ იაკობიძის განცხადებით, ეს აუცილებლად გასწორდება.

„პირველად ეტაპზე არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით მოხდა ბრალდება. ხაზგასმით ვამბობ, რომ სრული სურათი და ბრალის დაზუსტება მოხდება მოგვიანებით.შეიძლება, დღეს არ წერია ბრალის დადგენილებაში ყველა ჟურნალისტი, მაგრამ ეს აუცილებლად გასწორდება. ყველა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, ბრალდებულ სამ პირს შორის არის სკუტერის მძღოლი, რომელიც 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფებს ეჯახებოდა.

შსს-მ რუსთაველის გამზირზე აქციისას მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე აღნიშნული სამი პირი 6 ივლისს დააკავა.