საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანადამფუძნებელის, გიორგი რურუას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მიმდინარეობს.
სასამართლო დარბაზში შესვლამდე რურუამ განაცხადა, რომ არ იცის დეტალები, რა საქმეზეა დაბარებული და კომენტარს გამოკითხვის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
რურუა სასამართლოში ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილთან ერთად მივიდა, რომელიც გამოკითხვას ესწრება.
გიორგი რურუამ გუშინ, 5 ნოემბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას ეხება. მოგვიანებით სუს-მა დაადასტურა, რომ თავად რურუამ მოითხოვა მაგისტრატი მოსამართლის მონაწილეობით გამოკითხვა.