საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება
თბილისის საქალაქო სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელის, სერგო შუბითიძის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მიმდინარეობს. საქალაქო სასამართლოში მისვლისას მას კომენტარი არ გაუკეთებია.
სერგო შუბითიძემ სატელევიზიო ინტერვიუში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე გააკეთა განცხადება. როგორც შუბითიძემ აღნიშნა, საქმის გამოძიების პროცესში იყო ჩართული, ვიდრე მის შესწავლას თბილისის პროკურატურა დაიწყებდა.
„თვითონ როგორც ახსენა სიუჟეტში და როგორც ჩემთვის ცნობილია, იგი აპირებს თანამშრომლობას საგამოძიებო ორგანოსთან, ასევე აქ იმისთვის ვიმყოფებით, რომ მან მისცეს ჩვენება მოსამართლეს და ყველა კითხვაზე, რაც იქნება დასმული სასამართლოს და საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან, ამომწურავი პასუხები გასცეს“, – განაცხადა ადვოკატმა მარიამ მაღრაძემ.
პროკურორ მარი მეშველიანის განცხადებით კი, საქმეში არ მოიპოვება არცერთი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, სერგო შუბითიძეს რაიმე შემხებლობა ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონთან. მისივე განმარტებით, სერგო შუბითიძეს არ განუხორციელებია ისეთი საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც გარკვეულ ზეგავლენას მოახდენდა საქმის მიმდინარეობასა და გამოძიებაზე.
„საქმეზე აუცილებლად ჩატარდება სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც გაჟღერდება და გამოიკვეთება რამენაირად, თუნდაც დღევანდელ სასამართლო პროცესზე. უშუალოდ საქართველოს პროკურატურის მიერ განსახილველ საქმეზე 1000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა. ბატონი სერგო შუბითიძის მიერ გამოკითხულია სულ სამი ადამიანი, მობილურ ტელეფონთან მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონია. მის მიერ არ განხორციელებულა მობილური ტელეფონის დათვალიერება, შესაბამისად, მას არ განუხორციელებია ისეთი საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც გარკვეულ ზეგავლენას მოახდენდა საქმის მიმდინარეობასა და გამოძიებაზე. მობილური ტელეფონი სერგო შუბითიძეს არ დაუთვალიერებია“, – აღნიშნა პროკურორმა მარი მეშველიანმა.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე დაიწყო გამოძიება.