საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების: ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
როგორც ადვოკატი ვახტანგ იაშვილი აცხადებს, დაკავებულების მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
„ადრე აღვნიშნეთ და ახლა კიდევ უფრო ცალსახად მინდა, საზოგადოებამ იცოდეს – ეს არის პოლიტიკური დევნა თამლიანის, ბუდაღაშვილისა და სხვათა მიმართ იმის გამო, რომ მათ 20 ივნისს დაიცვეს ჩვენი ქვეყნის ღირსება. ოლიგარქი, მის მიერ მართული ხელისუფლება ებრძვის ამ ბიჭებს. ებრძვის ასევე პოლიტიკოსებს, საერთოდ ყველა იმ ადამიანს, ვინც აფასებს თავისუფლებას და ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ღირსება. ამ ბრძოლაში ვართ ჩვენ, ამ სასამართლოში, სადაც სამართლის ძიება პრაქტიკულად შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, ჩვენ, როგორც ამ ბრძოლის რიგითი მონაწილეები, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ნაწილშიც, ისევე, როგორც სხვა ნაწილში, ხალხმა გაიმარჯვოს, მათ შორის, ჩვენმა დაცვის ქვეშ მყოფებმა: თამლიანმა, ბუდაღაშვილმა და სხვებმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იმთავითვე არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და პოლიტიკური რეპრესიები მათ მიმართ. პატიმრობაში იმყოფებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ხალხმა გაბედა და გააპროტესტა გავრილოვის ჩამოყვანა საქართველოში. რა მოლოდინი უნდა იყოს პროცესთან დაკავშირებით. მოიყვანს ბრალდების მხარე, წარმოადგენს რამდენიმე მოწმეს. არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ ყველა მათგანი იქნება პოლიციელი და დაზეპირებულ ტექსტს მოგვახსენებს. თუმცა, ის დაზეპირებული ტექსტიც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ განაჩენი გამოიტანონ ამ ბატონების მიმართ“, – განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა.