საქაერონავიგაციის ინფორმაციით, საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 6.8 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა, 2018 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში, 6.8 პროცენტით გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 127 271 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 8 118 ფრენით და 6.8 პროცენტით მეტია 2017 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.
2018 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შესრულებული გადაფრენების რიცხვმა კი, 87 301 ფრენა შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 1 821 ფრენით, ანუ 2.1 პროცენტით მეტია.
„საქაერონავიგაციის“ ინფორმაციით, ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება საქართველოს აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონებშიც. საქაერონავიგაცია 10 თვის განმავლობაში საქართველოს სამ საერთაშორისო და ორ ადგილობრივ აეროპორტში 39 970 საფრენოსნო ხომალდს მოემსახურა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6 297 ფრენით, ანუ 18.7 პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შეადგენს 35 004 971 კმ-ს. აღნიშნული მაჩვენებელი 34 866 კმ-ით და 0.1 პროცენტით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.