საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2023 წლის ცხრა თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, შოთა ტყეშელაშვილმა გახსნა
საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2023 წლის ცხრა თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ, შოთა ტყეშელაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
პროკურატურის ინფორმაციით, შოთა ტყეშელაშვილმა საბჭოს ახალი წევრები წარადგინა, რომლებიც ოქტომბერში, პროკურორთა კონფერენციაზე, პროკურორებმა და გამომძიებლებმა არჩევნების გზით აირჩიეს.
მათივე ცნობით, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში საქართველოს პროკურატურის როლს და უწყების წარმომადგენლებს ქვეყნის ისტორიული წარმატება მიულოცა.
შოთა ტყეშელაშვილმა ასევე ისაუბრა მიმდინარე თვეს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელობით, პროკურატურის დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის მნიშვნელობაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ექსტრადიციისა და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების ხელშეკრულებების პარაფირება განხორციელდა.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის ცხრა თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.