საპროკურორო საბჭო პარლამენტისთვის წარსადგენად გენერალური პროკურორობის კანდიდატს დღეს შეარჩევს
საქართველოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატის შესარჩევად საპროკურორო საბჭო სხდომას დღეს გამართავს. ფარული კენჭისყრით არჩეულ ერთ კანდიდატს საბჭო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.
საკანონმდებლო ორგანოში მთავარი პროკურორის არჩევა ხმათა უმრავლესობით მოხდება.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისა და საპროკურორო საბჭოს წევრის, ანრი ოხანაშვილის თქმით, საპროკურორო საბჭოზე კანდიდატების ნაწილს ჰქონდა კარგი გამოსვლები, თუმცა ყველაზე დეტალური ხედვა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ წარმოადგინა.
„თქვენ ნახეთ ირაკლი შოთაძის გამოსვლა. თქვენ ნახეთ სხვა გამოსვლებიც. იყო კარგი გამოსვლები, თუმცა დეტალური, პროკურატურის შემდგომ განვითარებაზე ორიენტირებული კონკრეტული ხედვები წარმოდგენილი იყო ირაკლი შოთაძის მხრიდან. ყველა კანდიდატს აქვს შესაბამისი გამოცდილება, განათლება, ამიტომ ეს კენჭისყრა და შედეგები განპირობებულია თითოეული კანდიდატის პროფესიული გამოცდილებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი გუშინ შეარჩია. შერჩეულ კანდიდატებს შორის არიან ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია, ირაკლი შოთაძე და სოფიო შენგელია. აღნიშნული კანდიდატებიდან ერთს საპროკურორო საბჭო დღეს შეარჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის.