საპროცედურო საკითხთა კომიტეტში სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საინიციატივო ჯგუფის წინადადებას განიხილავენ.
საინიციატივო ჯგუფის ინიციატივა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. საპროცედურო კომიტეტზე საინიციატივო ჯგუფის წევრებს გადაეცემათ შესაბამისი ბლანკები, რათა მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ჯგუფმა მინიმუმ 200 000 ხელმოწერის შეგროვება შეძლოს.
„დღეს შესაბამის ანუ საპროცედურო კომიტეტზე განიხილება საკითხი, რომელსაც ჩვენ ვარეგისტრირებთ. ბიუროზე დავარეგისტრირეთ საინიციატივო ჯგუფთან ერთად. დღეს უნდა მოხდეს განხილვა და შესაბამისი ფორმების გადმოცემა, რითიც ჩვენ გავალთ ხალხში და შევაგროვებთ ხელმოწერებს, რათა შემდეგ უკვე კანონპროექტი სასესიო განხილვისთვის იყოს წარმოდგენილი. საარჩევნო სისტემა სრულად მაჟორიტარული გახდეს და ორპალატიანზე გადავიდეს, რაც არის ამერიკული სისტემა“, – განაცხადა საკანონმდებლო წინადადების ერთ-ერთმა ინიციატორმა, დიმიტრი ხუნდაძემ.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ 200 000 ხელმოწერის შეგროვების შემდეგ საინიციატივო ჯგუფის წევრები კონსტიტუციაში ცლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირებას შეძლებენ.
„საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე დღის წესრიგში ერთ-ერთ საკითხად განსაზღვრულია საინიციატივო ჯგუფის წინადადების განხილვა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენი კომიტეტი განიხილავს ამ საკითხს და ამ წინადადებას საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით. ამ წინადადების გამო გადასცემს საინიციატივო ჯგუფს შესაბამის ფორმებს, რათა მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში ამ საინიციატივო ჯგუფმა შეძლოს მინიმუმ 200 000 ხელმოწერის შეგროვება, რათა შემდგომ განხორციელდეს საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირება კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.