საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილი საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საპარლამენტო საქმიანობაში საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების რეალური ფუნქციონირების საკითხზე იმსჯელეს. ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული საპარლამენტო კონტროლის 11 მექანიზმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს თითოეული მათგანი და საჭიროებს თუ არა ცალკეული ნორმები ცვლილებას, დაზუსტებას ან ახლებურად დარეგულირებას.
„ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ მიერ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების შესწავლის შედეგად იქნა შეთავაზებული სამუშაო ჯგუფისთვის, მათ თავიანთი მოსაზრებები და პოზიცია წარმოადგინეს. დისკუსია და აზრთა გაცვლა-გამოცვლა შეეხო ყველა საკითხს. უნდა ითქვას, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები დაახლოებულია. არის თემები, რომელთა შესახებ ჩვენ საგნობრივად ვისაუბრეთ და მთელ რიგ საკითხებზე შეთანხმებისკენ სავალი გზა არ არის რთული.
თერთმეტივე საკითხი თავისებურად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველას თავისი ადგილი და როლი აქვს საპარლამენტო კონტროლის განხორციელების საკითხში. მათ შორის საკითხები, რომელიც ეხება დეპუტატის კითხვასთან დაკავშირებით პასუხების გაცემის ხარისხს და სიხშირეს, ასევე როგორიცაა თემატური მოკვლევები და ასეთი მიმართულებები, აქაც ყველაფერი ამომწურავად გავიარეთ. ასევე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა თანამდებობის პირების პარლამენტში გამოცხადება და მათზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება მათი უშუალო მონაწილეობით. ბევრი მიმართულებით აქაც საერთო პოზიციების დაახლოების ტენდენცია გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამუშაო ჯგუფის წევრები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, გიორგი კახიანი, ხატია წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილი, ლევან მგალობლიშვილი, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები იაგო ხვიჩია, ბექა ლილუაშვილი და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.