საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში, ხოლო ყველაზე დაბალი მარნეულში დაფიქსირდა
საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველაზე მაღალი აქტივობა, 64,74 პროცენტი ქედაში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი მარნეულში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 36,47 პროცენტმა მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, – ამის შესახებ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს 20:00 საათის მონაცემებით.
ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, 45,4 პროცენტი შეადგინა აქტივობამ თბილისში.
რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას ქვეყნის მასშტაბით, ცესკო-ს ინფორმაციით, დღის განმავლობაში კენჭისყრაში მონაწილეობა სულ მილიონ 637 956-მა მოქალაქემ მიიღო, რაც ქვეყანაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 46,74 პროცენტია.
საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, საერთო აქტივობის მაჩვენებელი დაახლოებით ასეთივე იყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. მაშინ კენჭისყრაში მონაწილეობა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 46,6 პროცენტმა მიიღო.