საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამ ეტაპზე პრეზიდენტობის 19 კანდიდატია რეგისტრირებული
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ამ დროისთვის, პრეზიდენტობის 19 კანდიდატია რეგისტრირებული, – აღნიშნულ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ავრცელებს.
საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე სულ 46 განაცხადი იყო წარდგენილი, მათ შორის 20 პოლიტიკური პარტიის, ხოლო 26 საინიციატივო ჯგუფის მიერ. ერთ საინიციატივო ჯგუფს (არ შეასწორა ხარვეზი საარჩევნო დოკუმენტაციაში) და ერთ პოლიტიკურ პარტიას (არ იყო რეგისტრირებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ) უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის წარდგენაზე.
ამასთან, ცესკო-ში მხარდამჭერთა სია წარადგინა 25-მა საარჩევნო სუბიექტმა, მათ შორის 19-მა პოლიტიკურმა პარტიამ და ექვსმა საინიციატივო ჯგუფმა.
„19 საინიციატივო ჯგუფს არ წარმოუდგენია მხარდამჭერთა სია. კანონმდებლობის შესაბამისად, მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებს უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე და შემდგომ გაუქმდა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაც“, – ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.
ამჟამად, საარჩევნო ადმინისტრაციაში ექვსი სუბიექტის სარეგისტრაციო პროცედურები ხორციელდება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადა 28 სექტემბერია.