საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი ცესკო-მ შესაძლოა, ხვალ დაასახელოს 
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი ცესკო-მ შესაძლოა, ხვალ დაასახელოს 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხვალ 13:00 საათზე სხდომა არის ჩანიშნული. ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე არ არის მითითებული სხდომის დღის წესრიგი, თუმცა სავარაუდოდ სწორედ ხვალინდელ სხდომაზე შეაჯამებს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ხელს მოაწერს შემაჯამებელ ოქმს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის საიტზე დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება.

შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ორი კვირის თავზე კი არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. თუ ცესკო შემაჯამებელ ოქმს ხვალ გამოაქვეყნებს, შესაბამისად, მეორე ტურის თარიღად 28 ნოემბერი დასახელდება.

ცესკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არ დააკონკრეტეს, რა საკითხებზე იმსჯელებენ ხვალინდელ სხდომაზე.

28 ნოემბერი ოთხშაბათია და არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, უქმე დღედ გამოცხადდება.