საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური კენჭისყრის საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში ჩატარდება
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში, კვირა დღეს ჩატარდება.
საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას განმარტებით, არჩვენების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების მაქსიმალური ვადა, კანონის მიხედვით, არჩევნების თარიღიდან 20 დღეა.
„საკანონმდებლო თვალსაზრისით, როდესაც საუბარია მეორე ტურზე, ამას აქვს თავისი ვადები. მაქსიმალური 20-დღიანი ვადაა შეჯამებისთვის და შემდგომში, შეჯამებიდან ორი კვირის ვადაში კვირა დღეს ტარდება მეორე ტური“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
კანონის თანახმად, არჩევნებში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა 50 პროცენტზე მეტის მოგროვებას შეძლებს. თუ ვერცერთი კანდიდატი მხარდაჭერის ასეთ მაჩვენებელს ვერ მიიღებს, მაშინ მეორე ტური იმართება საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს შორის.
ამ დროის მონაცემებით, 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3678+11 უბანი, რაც საერთო რაოდენობის 99.57 პროცენტია.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილს 614 964 ხმა აქვს, რაც ხმათა 38.66 პროცენტს შეადგენს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 599 662 (37.7 პროცენტი).