საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისიის წევრი ეროვნულ ბანკს ჯერ არ წარუდგენია
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისიის წევრი ეროვნულ ბანკს ჯერ არ წარუდგენია

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს შესარჩევი კომისიის შვიდი წევრიდან წარსადგენი მხოლოდ დამოუკიდებელი წევრი დარჩა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა უნდა დაასახელოს.

საპენსიო სააგენტოს უფროსის ლევან სურგულაძის განცხადებით, კომისია ექვსი წევრით უკვე დაკომპლექტებულია: ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, დეპუტატები აკაკი ზოიძე, ირაკლი კოვზანაძე და რომან გოცირიძე.

როგორც პირველ არხს ეროვნულ ბანკში განუცხადეს, უწყება დამოუკიდებელ წევრს ახლო მომავალში წარადგენს.

საბჭოს შესარჩევი კომისია სწორედ ამის შემდეგ დაკომპლექტდება. საინვესტიციო საბჭოს წევრთა ვაკანსიები კი, საერთაშორისო გამოცემებში „ფაინენშალ თაიმსი“ (Financial Times) და „ეკონომისტი“ (The Economist) გამოქვეყნდება. შეირჩევა 10 კანდიდატი, რომელთაგანაც პარლამენტი საბჭოს ხუთ წევრს დაამტკიცებს.

საპენსიო დანაზოგების ინვესტირება სწორედ საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტების შემდეგ იქნება შესაძლებელი. მანამდე კი, საპენსიო ფონდში დაგროვილი 50 მილიონი ლარიდან ნახევარი საბანკო დეპოზიტებზეა განთავსებული, რომლებსაც წლიური 5-6 პროცენტი ერიცხება. ნახევარი კი, ხაზინის ანგარიშზეა.

ლევან სურგულაძის ინფორმაციით, საპენსიო სააგენტო ეროვნული ბანკის პოზიციას ელოდება, შესაძლებელია თუ არა ხაზინის ანგარიშებზე განთავსებული თანხების  საბანკო დეპოზიტებზე გადატანა.