საპენსიო სააგენტო - სქემაში ყოველდღე საშუალოდ 500-700 ადამიანი წევრიანდება
საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ დღეს პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე უწყების საქმიანობა მიმოიხილა და დეპუტატებს ბოლო სტატისტიკური მონაცემები წარუდგინა. სურგულაძის განცხადებით, პირველი იანვრიდან დღემდე დაგროვებით საპენსიო სქემაში 923 258 ადამიანი გაწევრიანდა, საიდანაც 746 829 კერძო, ხოლო საჯარო სექტორზე 215 676 მოდის. ამასთან, სისტემაში 59 378 ათასი კერძო ორგანიზაციაა ჩართული.
სურგულაძის თქმით, ფონდის ღირებულება დღეისთვის 409 507 840 ლარია, შენატანებზე დამატებით დარიცხული სარგებელი 11 163 782 ლარს შეადგენს.
ამ დროისთვის კომპანიების მიერ შენატანების დეპოზიტურ მოცულობებთან ერთად ფონდის მთლიანი ღირებულება 455 177 694 ლარს შეადგენს.
ფონდის ერთეულის ღირებულება საწყისი 10 ლარიდან, 10.48 ლარამდე გაიზარდა, რაც 4.8%-იან ზრდას წარმოადგენს.
აღსანიშნავია ასევე, რომ ფონდის მონაწილეთა რაოდენობა ბოლო თვეებში საშუალოდ დღეში 500-700 მონაწილით იზრდება, ხოლო გასულთა რიცხვი უმნიშვნელოა.
ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე ლევან სურგულაძეს შეკითხვები კომიტეტის წევრებმა დაუსვეს. განსახილველი საკითხები სქემის მონაწილეთა რაოდენობა, ფონდში არსებული თანხების მოცულობა და მათი ინვესტირება, დივერსიფიცირებული პორტფელები, კაპიტალის ბაზრის განვითარება და რეფორმის მნიშვნელობა იყო.