საპენსიო სააგენტო - სადეპოზიტო სერტიფიკატებში განთავსებული 560 მლნ ლარი თითქმის გაორმაგებდება, რაც სქემის ყველა მონაწილისთვის მნიშვნელოვანი სარგებელია
საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საპენსიო დანაზოგების ინვესტირების პროცესი დაიწყო.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ჭიჭინაძის განცხადებით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საინვესტიციო საბჭომ პირველი ინვესტიცია 560 მლნ ლარის ოდენობით, უკვე განახორციელა და თანხები მაღალრეიტინგული ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განათავსა.
„როგორც ცნობილია, საბანკო დეპოზიტი ყველაზე დაბალრისკიანი ფინანსური ინსტრუმენტია. ამასთან, საინვესტიციო პროცესის ფარგლებში მოლაპარაკება მიმდინარეობს რამდენიმე ფინანსურ ინსტიტუტთან. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ საინვესტიციო საბჭო დამატებით განცხადებებს გააკეთებს“, – აღნიშნა გიორგი ჭიჭინაძემ.
როგორც სააგენტოში ამბობენ, თანხის ინვესტირება განხორციელდა მაღალი სარგებლის პროცენტით და მისი წლიური განაკვეთი 9 პროცენტის ნაცვლად 14,9 პროცენტს შეადგენს. საინვესტიციო პერიოდი კი, 5 წელია.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, განხორციელებული ინვესტიცია (560 მლნ ლარი) საინვესტიციო ვადის ბოლოს თითქმის გაორმაგებდება, რაც საპენსიო სქემის ყველა მონაწილისთვის მნიშვნელოვან სარგებელს წარმოადგენს.