საპენსიო სააგენტო - კერძო კომპანიების ნაწილმა საპენსიო დეკლარაციების წარდგენა და ფულის ჩარიცხვა დაიწყო
ჩვენს მონაცემთა ბაზაში უკვე 2500-ზე მეტი კერძო კომპანია დარეგისტრირდა, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ განაცხადა.
„პირველი სამუშაო დღე დაიწყო 3 იანვარს, სულ ორი დღეა, რაც ვმუშაობთ და უკვე 2500-ზე მეტი კომპანია არის რეგისტრირებული ჩვენს მონაცემთა ბაზაში. ესენი არიან კერძო კომპანიები. მათ უკვე დაიწყეს საპენსიო დეკლარაციების წარდგენა და ასევე ფულის ჩარიცხვაც“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.
კითხვაზე, კერძო კომპანიების შემთხვევაში, ხომ არ გამოიწვევს საპენსიო რეფორმა თანამშრომელთა შემცირებას ან ხელფასის დაკლებას, სურგულაძე აცხადებს, რომ სახელფასო ხარჯი მხოლოდ 1.6%-ით იზრდება, ამიტომ ფიქრობს, რომ კერძო კომპანიებში ეს საფრთხეები არ იქნება.
„თუ ციფრების დონეზე განვსჯით, საგადასახადო ეფექტის გათვალისწინებით მხოლოდ 1,6 პროცენტით იზრდება სახელფასო ხარჯი, საერთო ხარჯებში ეს არის დაახლოებით 0,5 პროცენტი კომპანიისთვის და არ მგონია, რომელიმე კომპანიისთვის ეს იყოს არსებითი ხარჯი ან რომელიმე თავმოყვარე კომპანიამ ამის გულისთვის ან შეამციროს თანამშრომლები, ან უპირატესობა მისცეს იმ თანამშრომელს, რომელიც არ არის ვალდებული, გაწევრიანდეს“, – განაცხადა ლევან სურგულაძემ.
საქართველოში 2019 წლის პირველი იანვრიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა.