საპენსიო სააგენტო - დღეის მდგომარეობით, საპენსიო დანაზოგებს უკვე დარიცხული აქვს 60 მილიონ ლარამდე სარგებელი
საპენსიო სააგენტო - დღეის მდგომარეობით, საპენსიო დანაზოგებს უკვე დარიცხული აქვს 60 მილიონ ლარამდე სარგებელი

საპენსიო სააგენტოში დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა დანაზოგების ინვესტირება მიმდინარეობს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ ნაკლებად რისკიან პორტფელში, – ამის შესახებ განცხადებას საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კანონი მოიაზრებს სამი ტიპის პორტფელში ინვესტიციებს: ნაკლებადრისკიანსაშუალორისკიან და მაღალრისკიან პორტფელებში.

„ამავდროულად, კანონი პირველი ხუთი წლის განმავლობაში უშვებს მხოლოდ ნაკლებადრისკიან პორტფელში ინვესტიციებს. ამჟამად საპენსიო დანაზოგები ინვესტირებულია ქართულ კომერციულ ბანკებში, მხოლოდ დაბალი რისკის მქონე ინსტრუმენტებში და ერიცხება ბაზარზე არსებული საუკეთესო შესაძლო სარგებელი. დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების სასარგებლოდ, დღეის მდგომარეობით საპენსიო დანაზოგებს უკვე დარიცხული აქვს 60 მილიონ ლარამდე სარგებელი.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკას განსაზღვრავს დამოუკიდებელი და პროფესიონალი წევრებით დაკომპლექტებული საინვესტიციო საბჭო, ხოლო საინვესტიციო საქმიანობას წარმართავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური. საინვესტიციო საბჭოს წევრები არიან ამ დარგის საერთაშორისოდ აღიარებული სპეციალისტები, რომლებიც წამყვან პოზიციებს იკავებენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საპენსიო ფონდებში (ფინეთი, საფრანგეთი) და აქვთ უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის გამოცდილება. საპენსიო სააგენტოში ინვესტირების პროცესის ყველა ეტაპზე ხდება რისკების სიღრმისეული ანალიზი და რისკების მართვა შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. სრულყოფილი საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების შემდეგაც ინვესტიციები გაგრძელდება ისევ დაბალი რისკის მქონე პორტფელში, კაპიტალის ბაზრის ზოგიერთი დაბალრისკიანი ინსტრუმენტის გამოყენებით, „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. საპენსიო სააგენტოში არ განიხილება კერძო ინვესტიციები“,- აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.