საპენსიო სააგენტო ბუღალტრებისთვის ტრენინგებს ჩაატარებს. განცხადება სააგენტოს ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა და საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს. ტრენინგში მონაწილეობა, ძირითადად, მცირე და საშუალო კომპანიების წარმომადგენლებს სურთ.
რეგისტრაციის გავლა სოციალური ქსელის მეშვეობითაა შესაძლებელი.
იურიდიული ფირმა GLCC-ს პარტნიორის გრიგოლ მუმლაძის ინფორმაციით, კომპანიებს ამ ეტაპზე საპენსიო შენატანების განხორციელების კუთხით ტექნიკური სირთულეები აქვთ.
„კომპანიებს გაუჩნდათ ვალდებულება საფინანსო/საბუღალტრო ხასიათის დამატებითი პროცედურების განხორციელებისა, რაც გამოიხატება საპენსიო შენატანების გადახდის/გამოქვითვის რთულად გასაგებ ფორმაში, განხორციელებული საპენსიო შენატანების დეკლარირების სავალდებულო წესში და სხვა. ბუნებრივია, ყოველივე აღნიშნული ართულებს და აჩენს დამატებით ტექნიკური ხასიათის პრობლემებს კომპანიების საქმიანობის ფინანსური ადმინისტრირების კუთხით”, – განუცხადა მუმლაძემ პირველ არხს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში პირველი იანვრიდან ამოქმედდა.