საპენსიო სააგენტო - 575 მილიონი ლარის ინვესტიცია კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში, ხოლო 15 მილიონი ლარის საპენსიო აქტივები ბანკების ვადიან დეპოზიტებზე განთავსდა
საპენსიო დანაზოგების სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში განთავსებასთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ მიმდინარე დღეების განმავლობაში, საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საპენსიო აქტივებზე რეალური ამონაგების გაზრდის მიზნით და მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად, საპენსიო სააგენტომ განახორციელა 575 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია მაღალრეიტინგული ადგილობრივი ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში, ხოლო 15 მილიონი ლარის ოდენობის საპენსიო აქტივები ეროვნულ ვალუტაში განათავსა ბანკების ვადიან დეპოზიტებზე.
„საინვესტიციო პროცესი, დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის და ფულადი სახსრებისა და მასთან გათანაბრებული ფინანსური ინსტრუმენტებისთვის 2020 წლის იანვარში დამტკიცებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, ამასთანავე კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების სრული დაცვით, წარმართა საინვესტიციო საბჭოს წევრმა – დავით წიკლაურმა, რომელიც დროებით, ზემოხსენებული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების მიზნით დაინიშნა (3 მარტის ჩათვლით) უფროსი საინვესტიციო ოფიცრის პოზიციაზე“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტო განმარტავს, რომ ჯამური ინვესტიციების ოდენობა გადანაწილდა შვიდ კომერციულ ბანკში და გამოყენებული იქნა შემდეგი ფინანსური ინსტრუმენტები – დისკონტური და საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი და ვადიანი დეპოზიტები, ინვესტიციების ვადიანობა განისაზღვრა 2-5 წლიანი პერიოდულობით, ხოლო საშუალო ნომინალური საპროცენტო განაკვეთი – 14.8 პროცენტით. ასევე მომავალში გაგრძელდება მოლაპარაკებები ამ და სხვა ქართულ კომერციულ ბანკებთან.
„საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო უაღრესად დადებითად აფასებს დროებითი უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს, რადგან არსებულ პორტფელზე მოსალოდნელი უკუგება, მნიშვნელოვნად აღემატება, ამჟამად ბაზარზე არსებულ სარგებელს სახელმწიფო ბენჩმარკ ბონდებზე, მაშინ, როდესაც ადგილობრივი კომერციული ბანკების რისკების დონე არის დაბალი“, – აცხადებს სააგენტო და აღნიშნავს, რომ 2020 წლის თებერვალში, საინვესტიციო საბჭომ შეიმუშავა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი ყველა ტიპის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტისთვის, რომელიც კანონთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკში არის გაგზავნილი.
სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადება შემუშავებულია საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრების მიერ: საბჭოს თავმჯდომარე ოლივიერ რუსო; თავმჯდომარის მოადგილე ჟან-ფრედერიკ პოლსენი; მაკ რიდლი; ტიმო ვიჰერკენტა; დავით წიკლაური.