საპენსიო რეფორმის დამტკიცებას საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა
საპენსიო რეფორმის დამტკიცებას საფრანგეთის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, – ამის შესახებ „ფრანს 24“ წერს.
პროტესტის ნიშნად აქციის მონაწილეებმა პარიზში ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს, ველოსიპედებსა და ქუჩებში აგებულ ბარიკადებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეცრაზმის განსაკუთრებული მობილიზება იყო საკონსტიტუციო საბჭოს შენობასთან და ელისეის სასახლის მიმდებარედ. პარიზში არეულობისას 112 ადამიანი დააკავეს.
ქალაქ რენეში დემონსტრანტებმა პოლიციის განყოფილების შესასვლელს წაუკიდეს ცეცხლი. არეულობა იყო ლიონსა და სტრასბურგშიც. სამართალდამცველებმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
გუშინ, საღამოს საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ ემანუელ მაკრონის სადავო საპენსიო რეფორმას მხარი დაუჭირა. საბჭომ საპენსიო კანონის ზოგიერთი ელემენტი დაუშვებლად ცნო, თუმცა დაამტკიცა ძირითადი სადავო ნაწილი, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საპენსიო კანონს ხელი უკვე მოაწერა.
სადავო საპენსიო რეფორმის გამო საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იანვრიდან იმართება.
მთავრობის განცხადებით, ინიცირებული ცვლილებები აუცილებელია საპენსიო სისტემის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად.