საპატრულო პოლიციის უფროსი - აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს შორის ხვალინდელ გეგმებთან დაკავშირებით გარკვეული შეხლა-შემოხლა მოხდა
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და აქციის ორგანიზატორებს შორის ხვალინდელ გეგმებთან დაკავშირებით, მოხდა გარკვეული შეხლა-შემოხლა, – ამის შესახებ პარლამენტის წინ ჟურნალისტებს, საპატრულო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა მას შემდეგ, რაც აქციაზე ვითარება დაიძაბა.
„ვერ გაარკვიეს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ და რა სამოქმედო გეგმები ექნებათ ხვალ. გარკვეული მიმართულება იყო პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით. მოვიდა პიროვნება, რომელიც მოუწოდებდა, რომ გაეყვანათ პოლიტიკური პარტიები და სუფთა, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება მისცემოდა ყველა მოქალაქეს პოლიტიკური მოსაზრებების გარეშე. ამასთან დაკავშირებით ზვიად კუპრავასთან მოუვიდათ შეხლა-შემოხლა, რაც განმუხტული იყო ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
მისი თქმით, პოლიცია ადგილზე იმყოფება საზოგადოებრივი და მართლწესრიგის დასაცავად.
„ჩვენ აქ ვიმყოფებით, რომ დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი, მართლწესრიგი და საპატრულო პოლიცია 24 საათის განმავლობაში აკონტროლებს აქციას და აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას იცავს“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება ზაზა სარალიძის განცხადებას, რომ იგეგმება ზვიად კუპრავას დაკავება, კუპატაძის თქმით, ამ ეტაპზე, ეს არ იგეგმება.
„ამ ეტაპზე, არ იგეგმება ზვიად კუპრავას დაკავება. თუ ამის საჭიროება იქნება, ამას მომავალში თქვენ თვითონ ნახავთ“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
ამასთან, როგორც საპატრულო პოლიციის უფროსმა აღნიშნა, მისთვის უცნობია, რა მოხდა კარავში.
„კარავში რა ხდებოდა ვერ გეტყვით, კარვიდან ხმაური გამოდიოდა, რამდენიმე ნასვამი პიროვნება იყო იქ, რომელსაც სჭირდებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. ჩვენ შევიყვანეთ ექიმები და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს ამ ადამიანებს“, – განაცხადა კუპატაძემ.
რაც შეეხება კითხვას, თუ ვინ მოუწოდებდა ორგანიზატორებს პარტიების გაყვანისკენ, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, მას ეს ინფორმაცია არ აქვს.
„ვერ გეტყვით, ჩვენ არ ვყოფილვართ სცენასთან. ეს ხდებოდა სცენის უკან“, – განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსმა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ორგანიზატორებს შორის კარავში გამართული თათბირის შემდეგ ვითარება დაიძაბა.