საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი ახალი უნიფორმა გადაეცათ
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი ახალი უნიფორმა გადაეცათ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თანამშრომლების სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, ​ამ ეტაპზე პატრულ-ინსპექტორების ზამთრის სამუშაო ფორმა შეცვალა, – ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, თანამედროვე დიზაინის თბილი ქურთუკები და ზამთრის ფეხსაცმელები სპეციალურად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის არის შექმნილი და ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

„პატრულ-ინსპექტორების ზამთრის ახალი უნიფორმა შეკერილია საქართველოში, მაღალხარისხიანი და გამძლე მასალისგან. საპატრულო პოლიციის სამუშაო რეჟიმიდან და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნიფორმის შექმნისას გათვალისწინებულია, როგორც მისი კომფორტულობა, ასევე, თერმორეგულაციის კომპონენტი და ხარისხი“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ზამთრის ახალი უნიფორმები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპატრულო პოლიციის 4 000 თანამშრომელს დაურიგდა.