საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დირექტორს შეხვდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორს, რებეკა ჰანტს შეხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო ანტინარკოტიკულ, სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) შორის არსებულ მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას და სამომავლო ურთიერთობის გეგმებზე იმსჯელეს.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო ხელს უწყობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებას – როგორც ტრენინგების, ასევე აღჭურვილობის გადმოცემის გზით. შინაგან საქმეთა სამინისტრო INL-თან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ტაქტიკური მომზადების, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
შეხვედრის ფარგლებში, სტუმრებმა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი დაათვალიერეს და მისი შექმნის კონცეფციას გაეცნენ.