საპატრულო პოლიციამ თბილისის ერთ-ერთ ბარში ფიზიკური დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი პირი დააკავა
საპატრულო პოლიციამ თბილისის ერთ-ერთ ბარში ფიზიკური დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებულია ამავე დაწესებულების კიდევ ერთი თანამშრომელი – 1978 წელს დაბადებული რ.ჩ.

დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის სამ სხვა თანამშრომელთან ერთად, რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს, დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს დაბადებულმა ორმა პირმა – ი.ფ.-მ და ი.გ.-მ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით.