საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.
სხდომის დღის წესრიგი წინასწარ ცნობილი არ არის. სხდომაზე სავარაუდოდ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ.
როგორც საპატრიარქოში შესვლამდე მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკმა უკრაინის ეკლესიის საკითხზე დასმულ კითხვაზე განაცხადა, ის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს უჭერს.
„ჩემი პოზიცია უკრაინაზე ცნობილია. მე მხარს ვუჭერ უკრაინის ავტოკეფალიას. თუ დადგება სინოდზე საკითხი, ამ თემაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.
უკრაინის ეკლესიის საკითხზე ასევე კომენტარი გააკეთა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ.
„მიმაჩნია, რომ პროცესები, რაც განვითარდა, ნამდვილად უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის და ზოგადად მართლმადიდებელი სამყაროსთვის ნამდვილად ისტორიული მოვლენაა. ძალიან გასაოცარია და ღვთის წყალობაა, რომ ამჟამად და ამიერიდან უკვე უკრაინაში ე.წ. რასკოლნიკური, ანუ განხეთქილების არაღიარებული ეკლესია არ იქნება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ ამ საკითხს დღეს თუ ხვალ აუცილებლად უნდა დაუჭიროს მხარი და სიმართლის მხარეს დადგეს. წმინდა სინოდი ღვთის სათნო გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.
წილკნის ეპისკოპოსის, მეუფე ზოსიმეს განცხადებით, უკრაინის ავტოკეფალიას მხარდაჭერა ეკუთვნის.
„ვფიქრობ, უკრაინის ავტოკეფალიას მხარდაჭერა ეკუთვნის. ვნახოთ, ამ საკითხზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა მეუფე ზოსიმემ.
კითხვაზე, რატომ არ არის ერთსულოვნება ამ საკითხთან დაკავშირებით სინოდში, მეუფე ზოსიმემ განაცხადა, რომ „თვითონ იმდენად რთული მდგომარეობა გვაქვს, ამას აუცილებლად სჭირდება მსჯელობა და დაფიქრება“.
ამასთან, ამ დროისთვის ცნობილია ბოდბელი ეპისკოპოსის, პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობის, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონის, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს, ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგის, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოზის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკის, შემოქმედელი ეპისკოპოსი იოსების პოზიცია, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.
წმინდა სინოდის სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს. სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება. ბოლო სხდომა სინოდმა 21 ივნისს გამართა.