საპატრიარქოში მცხეთა-თბილისის სამღვდელოების ნაწილთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს საპატრიარქოში მცხეთა-თბილისის სამღვდელოების ნაწილთან მორიგი გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, – ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) უძღვებოდა, ასევე ესწრებოდნენ – საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების უფროსი, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
„სასულიერო პირებმა იმსჯელეს თანამედროვე სამყაროში არსებულ გამოწვევებზე, პრობლემებზე, მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. განიხილეს და მოისმინეს მრავალი საინტერესო წინადადება, დაისახა კონკრეტული ღონისძიებები.
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
აზარტული თამაშების საშიში ტენდენციები, გემბლინგის საზოგადოებაზე მავნე ზეგავლენა, პრობლემის დასაძლევად დღეისათვის ეკლესიის ჩართულობით მიღწეული კონკრეტული შედეგები და მომავალი აქტივობები;
მირქმის დღესასწაული და სვანეთში ლამპრობის ტრადიცია. სასულიერო პირებმა ასევე იმსჯელეს მიმდინარე წლის განმავლობაში ამა თუ იმ დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
სასულიერო პირებმა ისაუბრეს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს შემოთავაზებზე, რომელიც გულისხმობს სასულიერო პირების შეღავათიან ფასად მომსახურებას;
ასევე, განიხილეს სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურის წინადადება. სამსახური იურიდიული დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებსა და სასულიერო პირებს უფასო მომსახურებას სთავაზობს;
სასულიერო პირებმა იმსჯელეს ეკლესიის სოციალური აქტივობების შესახებ, მიმოიხილეს მიმდინარე საქმიანობა, უკვე განხორციელებული და არსებული პროექტები, ასევე დაიგეგმა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა;
უახლოეს მომავალში დაიგეგმა სასულიერო პირების გაფართოებული შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება აქტუალურ საღვთისმსახურო საკითხებსა და პრობლემებს, სასულიერო პირები ასევე იმსჯელებენ თანამედროვე სამყაროს მიერ წამოჭრილ მრავალ საკითხზე, მათ შორის, ხელოვნური განაყოფიერების თაობაზე“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.