საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ზიარების წესში ეჭვის შეტანა გამორიცხულია, ეკლესიებში კი, მსახურების გახმოვანება მოხდება, რათა არ იყოს სიმჭიდროვე
საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ცვლილება იქნება სასიკეთო, რეკომენდაცია იქნება, რომ მოახერხონ ეკლესიებში მსახურების გახმოვანება, რათა არ იყოს სიმჭიდროვე ტაძრებში, მაქსიმალურად იყოს დაცული ექიმების რეკომენდაციები. ამის შესახებ საპატრიარქოში სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.
მისივე თქმით, ზიარების წესში ეჭვის შეტანა გამორიცხულია.
„ჩვენ მიგვაჩნია, პირადად მე მიმაჩნია და სინოდში არავითარი აზრთა სხვადასხვაობაა არაა, ეჭვის შეტანა იმაში, რომ ზიარების საერთო კოვზით შეიძლება, ინფექცია გადაედოს ვინმეს, ეს არის ყოვლად გამორიცხული. შესაბამისად, ამას რაც შეეხება, არავითარი ცვლილება არ შეიძლება, იყოს. ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით კითხვას რაც შეეხება, ცვლილება იქნება სასიკეთო, ის, რომ ესეთი რეკომენდაცია გვექნება, ეს თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეძლებისდაგვარად ყველა ტაძართან, რომ მოახერხონ მსახურების გახმოვანება, რათა არ იყოს სიმჭიდროვე. ჩვენი რეკომენდაციებია, დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და საერთოდ, ჯანდაცვის რეკომენდაციები მორწმუნეებმა. სინოდზე მე პირადად განვაცხადე, მე მინდა, ყველას მოვუწოდო, მრევლს და ყველა ადამიანს და შემოგთავაზებთ ასეთ დევიზს – არ გადასდო და არ გადაგედება“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წმინდა სინოდის სხდომა შედგა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას მიეძღვნა.