საპატრიარქოს წარმომადგენელმა დაშავებული ჟურნალისტები საავადმყოფოში მოინახულა
საპატრიარქოს წარმომადგენელმა დაშავებული ჟურნალისტები საავადმყოფოში მოინახულა

რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე აგრესიულად განწყობილი პროტესტის მონაწილეების მიერ დაშავებული ჟურნალისტები საპატრიარქოს წარმომადგენელმა, წმიდათა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი ყიფშიძემ კლინიკა „ნიუჰოსპიტალში“ მოინახულა, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.

მათივე ცნობით, მკურნალი ექიმების თქმით, საავადმყოფოში ხუთი დაზარალებული მიიყვანეს.

„ორი უკვე გაწერილია, ერთს ოპერაცია ჩაუტარდა, მეორე ემზადება საოპერაციოდ და მესამე ნეიროქირურგიის განყოფილებაში წევს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქო არაერთი განცხადებით გაემიჯნა ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე და აქციამდეც, მუდმივად მოუწოდებდა მოქალაქეებს, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობისათვის აღსავლენ პარაკლისში მონაწილეობის მისაღებად მობრძანებულიყვნენ.

ამასთან, საპატრიარქომ ასევე წინსწრებით არაერთხელ აღნიშნა, რომ თემა მეტად მტკივნეული და საფრთხილოა, ამიტომ, დიდი ალბათობით, ის გამოიწვევდა ასეთ მკვეთრ დაპირისპირებას, რაც, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინეს აქციის ორგანიზატორებმა და დღეს საკმაოდ მძიმე სურათი ვიხილეთ (თუმცა ძალადობრივ ფაქტებს, თავისთავად არავითარი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს).

რა თქმა უნდა, დიდ წუხილს გამოვთქვავთ აქციის დროს ჟურნალისტების, უცხოელი ტურისტისა და თანამოქალაქეების დაშავების გამო. ასეთი ფაქტები ქრისტიანობისთვის ყოვლად მიუღებელი და შემაშფოთებელია. სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ თითოეულ დაზარალებულს და ვლოცულობთ მათთვის“, – ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა დღეს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით რვა პირია დაკავებული.

მათივე ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.