საქართველოს საპატრიაქოში დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით სასულიერო პირების მორიგი შეხვედრა გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) და სხვა სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
„ბოლო დროს მედიასივრცესა და საზოგადოების ნაწილში უამრავი კითხვა დაგროვდა აღნიშნული თემის შესახებ. სწორედ ამიტომ, ეს შეხვედრა მიზნად ისახავდა წლების განმავლობაში დავით გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებული პერიპეტიებისა და ამ პროცესში ეკლესიის მუდმივი ჩართულობის განხილვასა და შეჯამებას.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესია არაერთი წელია, აქტიურად გამოთქვამს თავის მკვეთრ პოზიციას ამ ტერიტორიაზე საქართველოს საზღვრებისა და ქართული მონასტრების ბედის თაობაზე. ეკლესია 15 წელია ცდილობს, სახელმწიფოს დაანახოს პრობლემის მნიშვნელობა, ყოველ ღონეს ხმარობს მის მოსაგვარებლად და მაქსიმალურად იყენებს ყველა ტრიბუნას, რათა მართებული ინფორმაცია მიაწოდოს როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.
მათ შორის, აღსანიშნავია 2019 წლის ნოემბერში ბრიუსელში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ევროკავშირსა და ნატო-ში შეხვედრების დროს პირადად გადასცა დავით გარეჯის პრობლემის თაობაზე ეკლესიის ხელთ არსებული ყველა მასალა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს და სთხოვა აღნიშნული საკითხის მოგვარებაში თანადგომა.
გარდა ამისა, არაერთი განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომ, ტელეეთერითა და მასმედიის სხვა საშუალებებით ეკლესიის წარმომადგენლები ასევე მრავალი წელია, აქტიურად საუბრობენ ამ მწვავე პრობლემაზე“, – აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
მათივე ცნობით, დღევანდელი შეხვედრის უმთავრესი საკითხი შეეხო იმ ახალ გარემოებებსა და რუკებს, რომელთა არსებობაც საზოგადოებისათვის ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ გარემოებებისა და რუკების, კერძოდ, 1938 წლის რუკის, შესახებ ეკლესია წლებია მიუთითებდა საზღვრის დამდგენ კომისიას და ამ საკითხზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს.
საზოგადოებისათვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომ ხელშეკრულება, რომელიც ორმხრივად იყო ხელმოწერილი როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის მიერ, საზღვრის დადგენის საფუძვლად ამ რუკას გულისხმობს.
ადრეც არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საზღვრის დადგენაზე მომუშავე ჯგუფმა საერთოდ არ იხელმძღვანელა აღნიშნული რუკით, ხოლო რამდენიმე წლის წინ მოპოვებული ამ რუკის ასლები ავთენტურად არ მიიჩნია.
შედეგად კომისიამ ხელი მოაწერა სასაზღვრო ზოლის განსაზღვრის ისეთ ოქმს, რომლის საფუძველზეც ამჟამად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩიჩხიტურსა და უდაბნოს მონასტრის ტერიტორიას აკონტროლებენ.
დღეს კი დადგა ახალი გარემოებები, მოპოვებულ იქნა ამ რუკების დედნები ყველა აუცილებელი ნიშნით, რაც მის ავთენტურობას უეჭველს ხდის. შესაბამისად, ჩნდება შესაძლებლობა და აუცილებლობა, რომ ამ კარტოგრაფიული დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდეს 2006-2007 წლებში ხელმოწერილი კომისიის ოქმების გადახედვა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს 2019 წელს დარგის სპეციალისტების, მეცნიერებისა და ექსპერტების 14-კაციანი ჯგუფის მიერ მიღებული დასკვნების თაობაზე.
„აღნიშნულმა ჯგუფმა დავით გარეჯის პრობლემა შეისწავლა როგორც ისტორიული, ისე იურიდიული და კარტოგრაფიული კუთხით და დაადასტურა, რომ სადავო ტერიტორია და მასზე მდებარე ქართული მონასტრები საქართველოს კუთვნილებაა და სრულად უნდა ექცეოდეს ქვეყნის ლეგიტიმურ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
კითხვაზე, თუ რატომ ერევა საქართველოს ეკლესია ასე აქტიურად გარეჯის საკითხის გადაწყვეტაში, პასუხი მარტივია – დავით გარეჯის ლავრა და აქ მდებარე მონასტრები საქართველოს კუთვნილ მიწაზე მდებარეობს, ჩვენი ქვეყნის სიწმინდეს წარმოადგენს.
ამასთან, აღნიშნული მონასტრები იურიდიულად საქართველოს ეკლესიის კუთვნილებაა. შესაბამისად, ეკლესიის პირდაპირი ვალდებულებაა მათზე ზრუნვა და დაცვა, ეს არც დღეს დაწყებულა და არც დასრულდება, ეკლესია ვერ გაჩერდება, ვიდრე საკითხი სასიკეთოდ არ გადაწყდება.
იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება საზღვრებს, გარკვეული ძალები ცდილობენ, ეკლესიის პოზიციას პოლიტიკური სარჩული დაუდონ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრულ ურთიერთობას კი ჩრდილი მიაყენონ.
ამიტომ ეკლესია კიდევ ერთხელ გარკვევით აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ მისთვის მთავარია ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით, ყოველგვარი პოლიტიზებისა და დაძაბულობის გარეშე
იმ ვითარებაში, როდესაც ეკლესია ასეთ უმნიშვნელოვანეს პროცესშია ჩართული, მიგვაჩნია, რომ ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ ყოველგვარი ცილისწამება პირდაპირ უკავშირდება დავით გარეჯის პრობლემატიკას“, – აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.