საპატრიარქოს ცნობით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქაშუეთის ტაძარი შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად ჩვეულ დროს დაიკეტოს
10 მაისს ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მომხდარი სამწუხარო ინციდენტიდან გამომდინარე, შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ჩვეულ დროს დაიკეტოს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დრომდე ტაძარი ამა თუ იმ საპროტესტო აქციების დასრულებამდე ხშირად დილის სამ, ოთხ საათამდე იყო ღია.
„როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 10 მაისს ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მოხდა სამწუხარო ინციდენტი. აქედან გამომდინარე, შემდგომი შესაძლო ექსცესების თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რათა ტაძარი დაიკეტოს ჩვეულ დროს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ დრომდე ტაძარი ამა თუ იმ საპროტესტო აქციების დასრულებამდე (ხშირად დილის სამ, ოთხ საათამდე) ღია იყო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
რაც შეეხება 10 მაისს მომხდარ ინციდენტს, როგორც ქაშუეთის ტაძრის დეკანოზი დავით დალიბაშვილი აცხადებს, წირვის დაწყებამდე ტაძარში სამი ახალგაზრდა შევიდა და საკურთხეველში შესვლა მოითხოვა, სასულიერო პირისგან უარის მიღების შემდეგ კი მათ ადგილზე მყოფების მისამართით ბილწსიტყვაობა დაიწყეს.