საპატრიარქო - საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირების დადგენილებაში დროულად უნდა შევიდეს ცვლილება
რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირების შესახებ დადგენილებაში დროულად უნდა იქნას შეტანილი სათანადო ცვლილება, რათა არც ორგანიზაცია „გირჩს“ და არც სხვა რომელიმე გაერთიანებას არ მიეცეს საშუალება, ისარგებლონ კანონში არსებული ლაფსუსით და ეს თავისი ვიწრო ინტერესებისთვის გამოიყენონ, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.
„რამდენიმე დღის წინ მასმედიით გახდა ცნობილი „კატაკომბური მართლმადიდებელი ეკლესიის“ დაარსების შესახებ, რომელიც ისევე ათავისუფლებს ახალგაზრდებს ჯარიდან, როგორც „გირჩის“ მიერ შექმნილი ფსევდორელიგიური ორგანიზაცია – „ბიბლიური თავისუფლება“.
„კატაკომბურ ეკლესიასთან“ დაკავშირებით გიორგი ანდრიაძემ განგვიმარტა, რომ პირადად იგი არ არის მისი არც დამფუძნებელი და არც წევრი, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს „გირჩის“ „ბიბლიური თავისუფლების“ და ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული კანონის მანკიერი მხარის გაუქმებას და დასძინა, რომ ეს არის მისი პოლიტიკური ხედვა, რომელიც საერთოდ არაა დაკავშირებული საქართველოს საპატრიარქოსთან.
ჩვენის მხრიდან გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:
საქართველოს საპატრიარქომ ადრეც დააფიქსირა თავისი პოზიცია და ახლაც ვიმეორებთ, რომ ქვეყნისთვის ყოვლად აუცილებელია, საქართველოს სამხედრო-სავალდებულო სისტემის დახვეწა იმდენად, რომ აქ მსახურება ახალგაზრდებისთვის იყოს ღირსების საქმე; ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირების შესახებ დადგენილებაში დროულად უნდა იქნას შეტანილი სათანადო ცვლილება, რათა არც ორგანიზაცია „გირჩს“, რომლის ქმედებაც მიმართულია ეკლესიის, სახელმწიფოს და, საერთოდ, საზოგადოების წინააღმდეგ და არც სხვა რომელიმე გაერთიანებას არ მიეცეს საშუალება, ისარგებლონ კანონში არსებული ლაფსუსით და ეს თავისი ვიწრო ინტერესებისთვის გამოიყენონ“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.