საპატრიარქო - მივმართავთ 4 ივნისს სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს, რაც უნდა პროვოკაციულად გვეჩვენოს შეკითხვა, არ გავცდეთ ქრისტიანული ცხოვრების წესს, ასე მივაგოთ პატივი საქართველოს ღირსეულ შვილებს
მივმართავთ 4 ივნისს სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს: რაც უნდა მიუღებლად ან პროვოკაციულად გვეჩვენოს სხვისი აზრი ან შეკითხვა, არ გავცდეთ ზოგადი ქრისტიანული ცხოვრების წესს და ასე მივაგოთ პატივი საქართველოს ღირსეულ შვილებს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, ბოლო წლებში არაერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც დაუფიქრებელმა, მოუფრთხილებელმა სიტყვებმა, რომლებიც ეხებოდა რელიგიური თუ ეროვნული იდენტობის თემებს, საზოგადოებაში გულისწყრომა გამოიწვია.
„ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დავდექით ისეთი ფაქტის წინაშე, როდესაც დაუფიქრებელმა, მოუფრთხილებელმა სიტყვებმა, რომლებიც ეხებოდა რელიგიური თუ ეროვნული იდენტობის თემებს, საზოგადოებაში გულისწყრომა გამოიწვია. შედეგად, ხშირად ასეთი გამონათქვამები საზოგადოებაში პროვოკაციად და დაპირისპირების საგნადაც ქცეულა. ეკლესიის წმინდანების, გამორჩეული საზოგადო მოღვაწეების აუგად მოხსენიება, რაც სულ რამდენიმე დღის წინაც მოვისმინეთ, ასეთივე პროვოკაციაა.
გვინდა, მივმართოთ 4 ივნისს სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს: რაც უნდა მიუღებლად ან პროვოკაციულად გვეჩვენოს სხვისი აზრი ან შეკითხვა, არ გავცდეთ ზოგადი ქრისტიანული ცხოვრების წესს, ლოცვით განწყობას და ასე მივაგოთ პატივი საქართველოს ღირსეულ შვილებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.