საპატრიარქო კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მრევლს რეკომენდაციებით მიმართავს
საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს და მრევლს რეკომენდაციებით მიმართავს.
„როგორც ცნობილია, კორონავირუსის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით საერთაშორისო მასშტაბით განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
დღეისათვის ჩვენს ქვეყანაშიც მოქმედებს გარკვეული რეგულაციები და არსებობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის რჩევები. სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვავალდებულებს ამ მითითებების გათვალისწინებას.
ამიტომ საქართველოს ეკლესიაც მის მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისგან, მათ შორის მოსალოცად, და ვურჩევთ ყველას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ნუ გაემგზავრებიან საქართველოდან; ხოლო გაზრდილი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან იზოლაციის წესი; პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ ისინიც, რომელნიც გრიპით, ან გრიპის მსგავსი ვირუსით არიან დაავადებულნი და სახლებში დარჩნენ. სურვილის შემთხვევაში, მათ მოძღვარი ბინაზე აზიარებს.
ხშირად უნდა გამოიყენოთ ნაკურთხი წყალი, როგორც დასალევად (უზმოზე), ასევე საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის საპკურებლად. შეგახსენებთ, იმასაც, რომ გულში შეძლებისდაგვარად თქვათ „იესოს ლოცვა“, ან მოკლედ – „უფალო შემიწყალე“.
როგორც წესი, საკვების მიღების წინ და შემდგომაც უნდა ითქვას შესაბამისი ლოცვა და საჭმელს ჯვარი გადაესახოს.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირადი ჰიგიენის დაცვას და, ზოგადად, სისუფთავეზე ზრუნვას. ასევე საჭიროა ერთმანეთთან ურთიერთობისას შემოთავაზებული წესების დაცვა.
როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საპატრიარქომაც და ეკლესიებისათვის სადეზინფექციო საშუალებების გაცემა უკვე დაწყებულია.
„რა თქმა უნდა, ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის („სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ღვთისმყოფობისა, აქ აღსრულებული ლიტურგია კი ყველაზე მნიშვნელოვანი მსახურებაა დედამიწაზე. წირვა-ლოცვაში რწმენით მონაწილე ადამიანი მიეახლება ცოცხალ ღმერთს, იესო ქრისტეს, რომელიც თავად არის წყარო სიცოცხლისა და მშვიდობისა, იმედისა და სიხარულისა და ამ მადლს არ უნდა განვეშოროთ.
სასულიერო პირებს ვთხოვთ, გამორჩეულად ილოცონ კორონავირუსით დაავადებულთათვის და მათთვის, ვინც თავდაუზოგავად შრომობს დასნეულებულთა გამოსაჯანმრთელებლად.
წირვის შემდეგ, კი, სასურველია, მოძღვრებმა შეასრულონ ლიტანიობა და ნაკურთხი წყალი ასხურონ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუჩებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ, ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, კვირა დღიდან, 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 12:00 საათზე, ყველა ტაძარში (სასურველია უცხოეთში არსებულ ქართულ ეკლესიებშიც ამ დროსვე) დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“ და „მოწყალებისა კარი განგვიღე“, ხოლო ვინც არ იქნება ეკლესიაში, სადაც არის, იქიდან შემოუერთდეს იმავე ლოცვით, რათა ერთობითა და ერთსულოვნებით შევავედროთ უფალს მთელი მსოფლიო, საქართველო და ჩვენი ოჯახები.
ამასთან, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის თხოვნაა, ყოველმა მორწმუნემ ყოველდღიურად წაიკითხოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, – „ზესთამბრძოლისა ჩემისათვის“, რომელსაც არაერთგზის უხსნია ხალხი დიდი განსაცდელისგან.
მოგიწოდებთ, შევეწიოთ ერთმანეთს ნებისმიერი სიძნელის გადასალახად, ვიყოთ მიმტევებელნი და გამოვიჩინოთ ქრისტიანული სიყვარული და ზრუნვა; „ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“
ღვთისმშობელი დედა შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, თითოეულ თქვენგანს და რწმენამ ღვთისამ განამტკიცოს ერი, ამინ!“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.