საპატრიარქო ილია მეორისა და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საპატრიარქო ილია მეორისა და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივნის, კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„დღეს, 2019 წლის 29 დეკემბერს, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს საქართველოს საპატრიარქოში ეწვია რომის პაპ ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი.

კარდინალის ვიზიტი ძირითადად საქართველოსა და რომის ორ უძველეს ეკლესიას შორის ურთიერთობების შენარჩუნებასა და გაღრმავებას ეძღვნებოდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და კარდინალ პიეტრო პაროლინს შორის საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფოსა და მთელი ქრისტიანული სამყაროს წინაშე მდგარ სირთულეებსა და თანამედროვე გამოწვევებს.

შეხვედრამ თბილ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.