საპატრიარქო ილია მეორისა და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს შორის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს
საპატრიარქო ილია მეორისა და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს შორის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველო საპატრიარქო არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებსა და ილია მეორეს შორის შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ილაი მეორესთან შეხვედრა არჩილ ტატუნაშვილის მშობლებისა და ახლობლების ინიციატივით შედგა.

„ა.წ. პირველ მარტს, საღამოს ბ-ნ არჩილ ტატუნაშვილის მშობლებისა და ახლობლების ინიციატივით შედგა მათი შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და მღვდელმთავრებთან.

ბატონი არჩილის მშობლებმა მის უწმინდესობას თხოვეს დახმარება შვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემასთან დაკავშირებით.

კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს რუსეთის პატრიარქს, რათა მან გაწიოს შუამდგომლობა სათანადო ორგანოებთან და გამოიყენებს სხვა საშუალებებსაც ტატუნაშვილების ოჯახის დასახმარებლად“,- აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან. ოჯახისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯერ არც ტატუნაშვილის ცხედარი გადაუციათ.