საპატრიარქო - გიორგი მამალაძეს აუცილებლად მოუწევს, პასუხი გასცეს სინოდს ცილისწამებების გამო, რასაც ავრცელებს ან მისი სახელით ავრცელებენ
საქართველო საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მედიით დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკაშირებული ბოლოდროინდელი აქტიურობა ეკლესიის დისკრედიტაცია, ასევე დეკანოზის შეწყალების მიზნით, პრეზიდენტსა და საზოგადოებაზე ზემოქმედებაა.
საპატრიარქო აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საპატრიარქოს თავისი პოზიცია დღემდე არ დაუფიქსირებია.
„ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა ზოგიერთი მედია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში. მას წარმოაჩენენ სიმართლისათვის დევნილად, კორუფციასთან მებრძოლად და ამ მიზეზით დასჯილად; საპატრიარქოს კი, დამნაშავეთა დამფარველად და უსამართლობის ხელშემწყობად.
ამ აზრს კარგა ხანია ავრცელებენ, თუმცა არა ასეთი აქტიურობითა და სიმკვეთრით. მიზანია ეკლესიის და სასულიერო დასის დისკრედიტაცია და, ამასთან, შეწყალების მისაღწევად გარკვეული ზემოქმედების მოხდენა პრეზიდენტზე და საზოგადოებაზე.
,,ციანიდის“ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს თავისი პოზიცია დღემდე არ დაუფიქსირებია ორი მიზეზის გამო: არ იცნობს გამოძიების მასალებს და ამასთან, თავს იკავებს განცხადებებისაგან, რომ ნებსით თუ უნებლიედ, დამატებითი ზიანი არ მიეყენოს დაკავებულს.
ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ, ფაქტიურად, სამი ინსტანციის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
ჩვენ ვერ შევაფასებთ სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ მხარეს, მაგრამ შევნიშნავთ, რომ, სამწუხაროდ, როგორც დეკანოზი გიორგი მამალაძე, ისე მისი ინტერესების დამცველები მედიასთან ურთიერთობაში სიცრუეს მუდმივად იყენებენ და ხალხი შეცდომაში შეჰყავთ.
სიცრუეა ისიც, თითქოს საქართველოს საპატრიარქოში მილიონობით თანხებზე ხდება კორუფციული გარიგებები და რომ დეკანოზი ამის მხილებას შეეწირა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე, საპატრიარქო აღნიშნავს, რომ ეკლესიას არავის დაპატიმრება არ სურს.
„საერთოდ, ეკლესია არავისი დაპატიმრების მოსურნე არ არის; ამისთვის იმ ადამიანებსაც არ იმეტებს, რომელთაც მორალურად, თუ მატერიალურად სერიოზული ზიანი მიაყენეს მას. რატომ იქნება იგი მამალაძის დაჭერის მომხრე, ან რატომ არ დაიცავს მას, თუ ამის საფუძველი მიეცემა?!
ჩვენ არ ვიცით, შეიწყალებენ თუ არა მამალაძეს, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც თითქმის ორი წელია ავრცელებს, ან მისი სახელით ავრცელებენ“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.