საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი თეა წულუკიანის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს
თეა წულუკიანის განცხადება სახალხო დამცველის მიმართ, გახლავთ როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯი, რომელსაც მთლიანად ვემიჯნები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
შალელაშვილი თეა წულუკიანის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და აცხადებს, რომ თანამდებობის პირებმა მსგავსი შეფასებების გაკეთების უფლება საკუთარ თავს არ უნდა მისცენ.
„მინდა გამოვეხმაურო იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც ქალბატონი წულუკიანი საქართველის ისტორიაში ყველაზე უსამართლო ობმუსმენდს უწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს. მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია „ქართული ოცნების“ არც ერთ ლიდერს და პოლიტიკური თანამდებობის პირს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის დღევანდელი განცხადება სახალხო დამცველის მიმართ, გახლავთ, როგორც პოლიტიკური ისე სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯი, რომელსაც მთლიანად ვემიჯნები და ვეხმაურები იმ მოტივაციით, რომ მომავალში არც ერთი ჩინოვნიკი აღარ მისცემს თავს უფლებას, მსგავსი უპასუხისმგებლო შეფასებები გამოხატოს, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუციის მისამართით.
მინდა მოგიწოდოთ, რომ ყველამ პატივი სცეთ კონსტიტუციურ ორგანოებს, პატივი სცეთ თანამდებობის პირებს, რომლებიც კონსტიტუციით თუ სხვა სამართლებრივი აქტებით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს თუ არა მათი სამართლებრივი შეფასებები“, – წერს შალელაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, სახალხო დამცველის მისამართით არც ერთი საერთაშორისო ან ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციის მხრიდან არ გაჩენილა პრეტენზიები.
„შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს პარლამენტის მიერ 88 ხმით იქნა მხარდაჭერილი მოქმედი ომბუდსმენის კანდიდატურა. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პრაქტიკულად ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2012 წლის შემდეგ შეძლო ადამიანის უფლებების აღიარება, განმტკიცება და დაცვის უზრუნველყოფა, ეს არის ,,ქართული ოცნება’’ და სწორედ, ამ პოლიტიკური ძალის ღირსების და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაპირებ თვალი დავხუჭო მსგავს უსამართლობაზე.
ყოველთვის, ყურადღებით ვადევნებ თვალს ომბუდსმენის საქმიანობას და ანგარიშს, ასევე მისასალმებელი ფაქტია, რომ არც ერთი საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციიდან არ გაჩენილა პრეტენზიები მისი მისამართით“, – ნათქვამია შოთა შალელაშვილის განცხადებაში, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს საქართველოს ისტორიაში პირველი უსამართლო ომბუდსმენი უწოდა.