რომან კაკულია ეთანხმება რომან გოცირიძის ინიციატივას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება არ უნდა იყოს მიბმული მშპ-ზე
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის რომან გოცირიძის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტის საფუძველზე, უქმდება მაუწყებლისთვის დაფინანსების ოდენობის მინიმალური პროცენტული ზღვარი.
კანონპროექტის მიხედვით, უქმდება “მაუწყებლობის შესახებ” კანონის მოქმედი ნორმა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14 პროცენტით.
სხდომას უმრავლესობის ცხრა წევრი ესწრებოდა და ცხრავემ გოცირიძის წინააღმდეგი მისცა ხმა, თუმცა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ არ გამორიცხა, რომ ერთი-ორი წლის შემდეგ, ეს საკითხი დღის წესრიგში ისევ დადგეს, რადგან ეთანხმება დაფინანსების პრინციპს, რომელიც რომან გოცირიძის ინიციატივაშია მოცემული.
„იდეას ვეთანხმები, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა იყოს დამოკიდებული მთლიან შიდა პროდუქტზე იმ მიდგომების გათვალისწინებით, რაც გვაქვს მათთან მიმართებაში დღეს. დღევანდელ მოცემულობაში, ვფიქრობ, უნდა შევხედოთ 1-2 წელი ამ შედეგს და შემდეგ ვიმსჯელოთ. ჩემი პოზიცია ასეთია, თქვენ თავად გადაწყვიტეთ.
ინიციატივა კარგია და შეიძლება ჩვენი ინიციატივაც გახდეს, ოღონდ მთავარია, პირველ რიგში, მოვისმინოთ მათი რეალური შედეგები ერთი წლის შემდეგ და მივცეთ მათ საშუალება, რადგან ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, გაისად მეტი რესურსია საჭირო. შევხედოთ ამას და ჩვენი პარლამენტის ფარგლებში მოხდება შეფასების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორად მივდივართ ამ მიმართულებით“, – განაცხადა რომან კაკულიამ.
მისი თქმით, ერთი ან ორი წლის შემდეგ, შედეგების გათვალისწინებით, მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„გეთანხმებით, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა თუ ასე პროგრესულად წავიდა, რომ რაღაც მომენტში შეიძლება საერთოდ ლოგიკასაც გასცდეს, მაგრამ ცოტა მიჭირს დათანხმება იმაზე, დღევანდელ მოცემულობაში, რომელი უფრო უწყობს ხელს დამოუკიდებლობის ხარისხს.
ერთია მენეჯმენტი და რეიტინგთან დაკავშირებული საკითხები, მაგრამ მეორე, სჭირდებათ თუ არა ახლა მათ მეტი ფული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სულ სხვა თემაა, როგორ ყაირათიანად ხარჯავენ იმას, რაც ახლა აქვთ, მაგრამ არის მოცემულობა, რამდენი იქნებოდა, დავუშვათ, საუკეთესო მენეჯმენტის შემთხვევაში, რომ კარგი სტარტი გაკეთდეს.
მაქვს შეგრძნება, რომ იქ კიდევ არის რაღაცები გასაკეთებელი და მხოლოდ ამიტომ შეიძლება ვიფიქრო, რომ რამდენიმე წელიწადის განმავლობაში მზარდი ბიუჯეტი შეიძლება დადებითი ტენდენცია იყოს, თუ მისი კარგი მართვა მოხერხდება, რათა შედეგი პროგრესირებადი გახდეს. თორემ იდეაში, ვეთანხმები იმას, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მგონია, ერთი-ორი წლის შემდეგ, უნდა დადგეს ეგ მომენტი, რომ შევხედოთ შედეგებს და მერე უნდა ჩაიხსნას.
მაგაში გეთანხმებით, ეს არ არის მუდმივი მოცემულობა, უბრალოდ დღევანდელობასთან მიმართებაში ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვები და იმის განცდა, რამდენად სწორი იქნება ეს დღეს. ეს არის ჩემი დამოკიდებულება. პრინციპში გეთანხმებით, რომ არ უნდა იყოს მიბმული ამაზე“, – განაცხადა კაკულიამ.
კაკულიას თქმით, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი უსასრულოდ იქნება მიბმული მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელზე, სწორი არ იქნება.
„უსასრულოდ გაჰყვეს ამ ციფრს და მზარდი ტენდენციით იყოს, ესეც, ალბათ, სწორი ვერ იქნება. ეს ცალსახაა. აქ საუბარია, როდის უნდა ჩაიჭრას. ჩემი აზრით, დღევანდელი ჩაჭრა, ისედაც, რაც გვაქვს გამიზნული, რომ ჩამოვაშოროთ სარეკლამო ბაზარს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი იდეა ასეთია, თუმცა რამდენად მოხერხდება, არ ვიცი, მაგრამ ის აბსოლუტურად დავტოვოთ იმ თანხებში. გვაჩვენონ თავიანთი უნარები და ამ უნარებიდან გამომდინარე, რეიტინგთან დაკავშირებით მათ თავიანთი ხედვა აქვთ, ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს და გვგონია, რომ აქ უნდა დარჩეს ეს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მხოლოდ დღევანდელობასთან მაქვს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეკითხვა და არა ზოგადად პრინციპთან, უნდა იყოს თუ არა მიბმული. ასე შევხედოთ და აქედან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა რომან კაკულიამ.