საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას საპარლამენტო უმრავლესობის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა და კანონპროექტის ძირითადი პრინციპები გააცნეს.
„მივმართეთ ვენეციის კომისიას, რომ შეეფასებინა საკანონმდებლო ინიციატივა, რაც საპარლამენტო უმრავლესობას აქვს უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით. ჩამოსულია ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაცია. მათ გავაცანით ის ოთხი ძირითადი პრინციპი, რაზეც საზოგადოებას ჰქონდა მოთხოვნა და რაც გათვალისწინებულია ჩვენს კანონპროექტში. კერძოდ, პირველი – პროცესში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მოსამართლე წევრებს, ასევე იურისტებს, რომლებიც სისტემის გარეთ არიან; მეორე – სიის შედგენის პროცესი და პარლამენტში წარმოდგენის პროცესი არის გამჭვირვალე და თითოეული შეფასება კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით არის ხელმისაწვდომი; მესამე – პარლამენტში კანდიდატები განიხილებიან, პრაქტიკულად, ამერიკის კონგრესის სტანდარტით – ღიად, კანდიდატები კომიტეტზე დასმულ ყველა შეკითხვას პასუხობენ და მეოთხე – კენჭისყრა მოხდება ინდივიდუალურად თითოეულ კანდიდატურასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პარლამენტი არ არის ვალდებული ყველა წარმოდგენილი კანდიდატი დაამტკიცოს. პარლამენტი ამტკიცებს იმ კანდიდატებს, ვისაც ენდობა და ვისაც მიიჩნევს, რომ არიან ყველაზე შესაბამისი ადამიანები უზენაესი სასამართლოსთვის“, – განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა იყო, რომ კანონპროექტი შეეფასებინა ვენეციის კომისიას, რადგან გამოირიცხოს ყველანაირი სუბიექტური კითხვა და პოლიტიკური სპეკულაციები ამ პროექტთან დაკავშირებით.
„უახლოეს პერიოდში ველოდებით რეკომენდაციებსა და დასკვნებს ვენეციის კომისიის მხრიდან. მათ გვითხრეს, რომ შეეცდებიან, რაც შეიძლება მოკლე ვადებში წარმოადგინონ შეფასებები. ბუნებრივია, როდესაც წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დასკვნა, ჩვენ ამას განვიხილავთ ყურადღებით და ყველა რეკომენდაციას, რომელიც კონსტიტუციასთან იქნება შესაბამისობაში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, ასევე: მამუკა მდინარაძემ, ანრი ოხანაშვილმა, რატი იონათამიშვილმა და დავით მათიკაშვილმა.