საპარლამენტო უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის საგარეო ხედვითა და პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერების საკითხით დაინტერესდება
საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის წინაშე მოხსნებით გამოსვლისას, საგარეო მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით დაუსვამს კითხვებს.
როგორც პირველ არხს უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა, მმართველი გუნდის წევრები საპრეზიდენტო ინსტიტუტის გაძლიერების საკითხითაც დაინტერესდებიან.
„გარკვეული მონახაზები იმ ქმედებების, იმ ნაბიჯების, რომელიც უკვე გადადგა პრეზიდენტის ინსტიტუტმა და ასევე პროგრამული დანახვა იმისა, თუ როგორ შეიძლება ეს ინსტიტუტი უფრო გაძლიერდეს თავის კონსტიტუციურ ჩარჩოში – ამ ხედვებს ველოდებით. ასევე, ველოდებით პრეზიდენტის მიერ დანახულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას და შესაბამისად, კითხვები აქედან გამომდინარე წარმოიშვება. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალური საკითხები, ევროპული ინტეგრაცია, გლობალური უსაფრთხოების საკითხები, რუსეთიდან მომდინარე გამოწვევები. იქიდან გამომდინარე, რომ მოკლე პერიოდში გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ შეხვედრების თვალსაზრისით, ვფიქრობ საინტერესო იქნება მისი მოხსენება და შემდგომ გამართული დებატებიც,”- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას არ დაესწრება.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მისი ფრაქცია სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
„დღეს ჩვენ ვიყენებთ რეგლამენტით გათვალისწინებულ ნორმას და ვაცხადებთ ერთდღიან ბოიკოტს. ეს ბოიკოტი უკავშირდება არჩევნების გაყალბებით ძალადობითა და მოსყიდვით ჩატარებას. ქალბატონ სალომეს მოხსენებას არ დავესწრებით. ეს პროტესტის ფორმა იქნება მანიშნებელი იმისა, რომ საქართველოში არ ყოფილა სამართლიანი არჩევნები და დღეს ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც არალეგიტიმური არჩევნების პროდუქტია,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.
სალომე ზურაბიშვილი დღეს, 12:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით წარდგება. პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრებს.
რაც შეეხება ფორმატს, რეგლამენტით, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ასევე უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები. ამასთან, გამოსვლების დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს.