საპარლამენტო უმრავლესობა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტზე პრემიერთან შეხვედრას გეგმავს
საპარლამენტო უმრავლესობა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას აპირებს.
როგორც პირველ არხს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განუცხადა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მარტის ბოლომდე იგეგმება, მანამდე კი, დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები გაიმართება, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან.
ზოიძის თქმით, უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის ორგანიზებით, ცვლილებების თაობაზე პოზიციები უკვე გამოიკვეთა როგორც მომხრეების, ასევე, მოწინააღმდეგეების მხრიდან.
„გარკვეული კონტურები გამოიკვეთა იმ საკამათო თემებზე, რაც ეხება ზღვარს და საკითხს პატიმრობის გაუქმების შემთხვევაში, ალტერნატიული სასჯელის რა მექანიზმები უნდა იყოს იმისთვის, რომ ნარკომოხმარება არ წახალისდეს. პოზიციები იმაზეც შეჯერდა რა თანხები დასჭირდება ახალ სერვისებს. ველოდებით, რომ უახლოესი ათი დღის განმავლობაში პრემიერთან შეხვედრა გაიმართოს, რის შემდეგაც შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან შედგება, მათ შორის სასულიერო პირებთან. შემდეგ საკითხზე იურიდიულ კომიტეტში ვიმსჯელებთ. პირველი მოსმენით კი, ცვლილებებს მარტის განმავლობაში მივიღებთ“, – აღნიშნავს ზოიძე.
დეპუტატი საკითხთან დაკავშირებით, „კონსერვატორების“ პოზიციასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი ნარკომოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოხსნას არ ეთანხმებიან.
„პოზიციები პრემიერთან შეჯერდება. ჩვენი ლიდერი პრემიერია და უმრავლესობის შეჯერებული პოზიცია, პრემიერთან შეჯერებას ნიშნავს. ეს შეხვედრა ყველა მონაწილე მხარესთან იქნება. აღნიშნული თემა ისეთია, სადაც საზოგადოების ნაწილი რეფორმის მოწინააღმდეგედ ისე დარჩება, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში მოხდა. თუმცა, მათ აზრი მაშინ შეიცვალეს, როცა ორი-სამი წლის შემდეგ შედეგები მიიღეს. გასაგებია, რომ ამ კონკრეტულ ცვლილებას „კონსერვატორების“ მხარდაჭერა არ ექნება, რადგან მათი აზრით, ამ მიმართულებით საერთოდ არაფერი უნდა შეიცვალოს და მხოლოდ სერვისების განვითარება უნდა მოხდეს. “კონსერვატორები” ნარკომოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოხსნას არ ეთანხმებიან. პოზიცია არსებობს, რაზეც შევჯერდებით და რაზეც აზრთა სხვადასხვაობა იქნება. ან თავისუფალი კენჭისყრა გაიმართება, ან ყველაფერი ისე მოხდება, როგორც პრემიერი და უმრავლესობა გადაწყვეტენ“, – განაცხადა ზოიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა ჯერ არ გამართულა. კანონპროექტი პირველი მოსმენით ჯანდაცვის კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა. ცვლილებებს მხარს „კონსერვატორები“ არ უჭერენ და საქართველოს 90-იანი წლების გამოცდილებაზე აპელირებენ.