ხვალ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, უმრავლესობის სხდომა 15:00 საათზე დაიწყება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ.
მისი თქმით, ყველაფერი გარკვეულია, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობის აბსოლუტური უმრავლესობა – 92 ხმა გარანტირებულია.
„ახლა ჯერი არის ოპოზიციის იმ ნაწილზე, ვინც უკვე სათითაოდ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. საუბარია მინიმუმ 25-26 დეპუტატზე, შესაბამისად, ცვლილებებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და რისკი არ არის. ჩვენ 21 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებებს რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მივიღებთ“, – აცხადებს მდინარაძე.
დეპუტატის ცნობით, უმრავლესობის სხდომაზე დისკუსიის საგანი იქნება „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებებიც, რომლის ინიცირება მომავალ კვირას იგეგმება.
„ხვალვე უმრავლესობის სხდომაზე გავივლით „საარჩევნო კოდექსის“ საკითხს, რომელიც პარალელურად, მომავალ კვირას უნდა დარეგისტირდეს. ამ საკითხებს უფრო დეტალურად გავივლით, რომ პოზიციები საარჩევნო ცვლილებებზეც იყოს შეჯერებული“, – დასძინა მდინარაძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებებს ხვალ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.
პროექტი პირველი მოსმენით 21 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე განიხილება.
ცვლილებების მისაღებად 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. პროექტით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო მოდელით უნდა ჩატარდეს.