საპარლამენტო უმრავლესობა იურისტების ჯგუფის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს
საპარლამენტო უმრავლესობა დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს, რომელიც სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს ეხება.
როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, ქართული პოლიტიკა სექტიზმისგან უნდა გათავისუფლდეს, რაც ოპონენტებს ახასიათებთ.
„სასამართლოსთან დაკავშირებული თემები გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მთავარია, სტაბილურობა და ამაზე საერთაშორისო რეიტინგები მიუთითებს, რაც ყველასთვის ცნობილია”, – განაცხადა ვოლსკიმ.
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა პარლამენტში რეზოლუციის პროექტი შეიტანა. მათი განცხადებით, რეზოლუცია სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის აღიარებასა და მისი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებებს ითვალისწინებს.