საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს ხვდებიან
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს ხვდებიან

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს ხვდებიან.

დახურულ შეხვედრაზე განსახილველი თემა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნა, შერჩევის კრიტერიუმები და ის ინიციატივებია, რომელიც ამ საკითხზე როგორც უმცირესობას, ასევე ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს აქვთ მომზადებული.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მხრიდან შეხვედრას დავით ბაქრაძე და ოთარ კახიძე ესწრებიან.

დეპუტატ დავით ბაქრაძის განცხადებით, მათი ინტერესია, მხარეებმა მოსაზრებების შეაჯერონ. შეხვედრაზე დამატებით წინადადებებსაც განიხილავენ.

„ჩვენი ინტერესია, შევხვდეთ საბჭოს არამოსამართლე წევრებს. მათთან ერთად გავიაროთ კრიტერიუმები და შევჯერდეთ, რათა გამოვიდეთ ჩიხური სიტუაციიდან, რომელშიც საქმე შეიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, – განმარტა დავით ბაქრაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, მისაღებია ნებისმიერი წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანის დაშლას.

„მივესალმები ყველა წინადადებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო ხელისუფლების დაცლას კლანის გავლენისგან და კლანი ვერ შეძლებს ჩაიცემენტოს თავი უვადოდ მართლმსაჯულებაში. ყველა წინადადება, რომელსაც ამ მიზნისკენ მივყავართ, ჩვენთვის მისაღებია. სწორედ ამიტომ მზად ვართ, „ევროპულ საქართველოს“ თუ ყველა სხვა ფრაქციას, რომელიც პარლამენტშია, ვესაუბროთ, ვითანამშრომლოთ მათთან იმ მიზნით, რომ კლანის საცეცები ნელ-ნელა მოვაცილოთ მართლმსაჯულებას“, – განმარტა ანა დოლიძემ.

„ევროპულმა საქართველომ“ მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე გუშინ რამდენიმე ინიციატივა წარადგინა.

ამასთან, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესზე პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით 15 იანვარს მიმართეს.