საპარლამენტო ოპოზიციის წევრები გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ანა ნაცვლიშვილი, ანა ბუჩუკური, ჰერმან საბო, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია საქართველოში მყოფ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შემავალი ფრაქციების სპიკერებს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილეს და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებიც აღნიშნულ პროცესებს უკავშირდება.
„გერმანელ სტუმრებთან შეხვედრისას ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც გაჟღერდა იყო, რომ დასავლეთის მიმართ ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულებითა და პოლიტიკური მიდგომებით საქართველოს ადგილი ევროკავშირში ვერ იქნება. შეხვედრაზე სტუმრები ასევე დაინტერესდნენ, თუ როგორია ოპოზიციის ხედვა კოალიციური მთავრობის მიმართ და გარკვეულ საკითხებზე თანამშრომლობასთან მიმართებაში“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ.
პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის თქმით, სტუმრებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ გერმანია საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგომას კვლავაც აგრძელებს.
„გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს კარგად ესმით დღევანდელი ვითარების სირთულე და მთავარი გზავნილი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი პოლიტიკური გუნდისთვის არის ის, რომ, ხელისუფლების მხრიდან მძიმე ანტიდასავლური რიტორიკისა და გერმანიის ოფიციალური პირების მიმართ თავდასხმების მიუხედავად, გერმანია საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგას“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.